saqarTvelos mdinareebi - debeda
ქვეყანა |
სომხეთი, საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ჯავახეთის ქედი 40°57`26` ჩ. გ. 44°37`57` ა. გ. |
შესართავი | ხრამი 41°22`33` ჩ. გ. 44°57`56` ა. გ. |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 4.1 კმ² |
სინონიმი: ბერდუჯი, საგიმი.
მდინარე სომხეთსა და საქართველოში. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 4,1 ათ. კმ². სათავეს იღებს სომხეთში, ჯავახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, 2090 მ სიმაღლეზე, მდინარეების - ფამბაკისა და ძორაგეტის გაერთიანების შედეგად. საქართველოს ტერიტორიაზე სოფ. სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში გამოდის და მარჯვნიდან ერთვის მდ. ხრამს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და შემოდგომაზე. საშუალი წლიური ხარჯი სოფ. სადახლოსთან 29,7მ 3/წმ. იყენებენ სარწყავად. დებედიდან გაყვანილია ლამბალოს, სადახლოს და სხვა არხები.
ისტორიული წყაროები
ვახუშტი ბატონიშვილი მდინარე დებედას ასე აღწერს:
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს, (არამედ სახელითა იწოდების სამითა: პირველი ბერდუჯი, მეორე - საგიმი, მესამე - დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, არამედ საგიმს ვგონებ ინჯას ანუ აღისტევს). არს ესე მდინარე სარგებლიანი მუნ, სადაცა იწყებს დინებასა ჩრდილოთ კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობ ორაგული, ლოქო, ჭანარი, გოჭა, კაპოეტი და წვრილი თევზი სხვადასხვა გვარნი მრავალნი. და სად აღმოსავლეთად დის, მუნ არს კალმახთა სიმრავლე, დიდთა და წვრილთა, არამედ თევზნი ამისნი არა ეგდენ გემოიანნი, ვითარცა სხვათა მდინარეთანი. კვალათ აღმოიღებენ რუთა და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა, ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთვის იწოდა: „დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი“, ხოლო აწ დებედა.“